logo
ENG



ენმ: "რუსულმა ოცნებამ" ჩიქოვანის წინააღმდეგ იაფფასიანი და კანონგარეშე პროვოკაცია მოაწყო

25 მარ 202319:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/25/2dgwg0xg83uku1v.png

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარტიის წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის სახლში პოლიციის შესვლის შესახებ აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ "იაფფასიანი და კანონგარეშე პროვოკაცია მოაწყო".

ენმ-ის თქმით, ჩიქოვანის სახლში შესვლა უკანონო და უმიზეზო იყო და ქართული ოცნების პროპაგანდისტის, შალვა რამიშვილის დავალებით მისი "საეჭვო რეპუტაციის ირგვლივ მიმდინარე დისკუსიის გადასაფარად" მოხდა.

ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ მომხდარი ადასტურებს, რომ რუსული ოცნებას აღარ დარჩა რესურსი, ძალადობრივი და უკანონო პროვოკაციების გარეშე იარსებოს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება:

"რუსულმა ოცნებამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამდივნოს წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის წინააღმდეგ აბსოლუტურად კომიკური, ყოველგვარ ადამიანურ ზღვარს გადასული, იაფფასიანი და კანონგარეშე პროვოკაცია მოაწყო.

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "რუსულ ოცნებას" არ შერჩა არანაირი მენტალური და მორალური რესურსი, ყოვლად ამაზრზენი, ძალადობრივი და უკანონო პროვოკაციების გარეშე განაგრძოს არსებობა.

ამ ფაქტმა გვაჩვენა, რომ მათ არ აქვთ არანაირი მორალური და კანონისმიერი მუხრუჭი. ოცნების პროპაგანდისტის, შალვა რამიშვილის საეჭვო რეპუტაციის ირგვლივ მიმდინარე დისკუსიის გადასაფარად, ამავე პროპაგანდისტის მითითებით, სახელმწიფო ინსტიტუტები მზად არიან სრულიად უკანონოდ შეუვარდნენ სახლებში ყველას - ყოველ მიზეზ გარეშე.

ხელისუფლების მდგომარეობის დამძიმება უკავშირდება მათი მხრიდან იმის გააზრებას, რომ მიუხედავად მრავალწლიანი მცდელობისა, მათ ვერ გატეხეს ქართული საზოგადოება და საქართველოში ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს!"

 

112-ში პროპაგანდისტული ტელევიზიის, POSTV-ის მიერ განხორციელებული ცრუ შეტყობინების გამო გუშინ, გვიან ღამით ნაციონალური მოძრაობის წევრის, დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.

უწყებაში POSTV-ის პროპაგანდისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. პოლიციელებმა დანაშაული ვერ დაადგინეს - ენმ-ის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო ცრუ დასმენა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დიმა ჩიქოვანის მიმართ მოწყობილი შეგნებული პროვოკაცია.

მომხდარის შესახებ თათია სამხარაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებები პოსტივისთან ერთად "ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, თითქოს მე გატაცებული ვიყო სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს. აი ასე, პროვოკაციულად უდანაშაულო ადამინს აბრალებენ სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულს."

სამხარაძის თქმით, მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველის, საქართველოში საფრთხეშია.

თათია სამხარაძე ერთ-ერთია, ვინც POSTV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. მან რამიშვილს ტელეკომპანია იმედში ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა. 2018 წლის 3 იანვარს შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რამიშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ორი ინსტანციის გადაწყვეტილება რამიშვილს უზენაეს სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია.

ბოლო დღეების განმავლობაში რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა. მათი ისტორიები მსგავსია. როგორც ქალები ამბობენ, ისინი გასაუბრების დროს შეავიწროვეს. სექსუალური შევიწროების ბრალდებებს უარყოფს შალვა რამიშვილი.


close დახურვა